კრაზანა (ლათ. Hypericum perforatum, რუს. Зверобой) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
წვრილი დატოტვილი ფესურიდან ყოველწლიურად ვითარდება რამდენიმე გლუვი, ორწახნაგოვანი, დატოტვილი ღერო, რომლის სიმაღლე აღწევს 30-60 სმ-ს.ფოთლები მოპირისპირეა, მჯდომარე, მოგრძო, ბლაგვი, მთლიანკიდიანი, გლუვი, დაწინწკლული, ყვავილები თავისუფალფურცლიანია, სწორი, ხუთფოთლიანი ჯამით და ხუთფურცლიანი გვირგვინით; ფურცლები კაშკაშა ყვითელია, მოგრძოოვალური, ზედა მხარეს ირიბად წაკვეთილი, შავი რუხი წერტილებით ქვედა მხარეს. მტვრიანა 50-60, რომლებიც ძირში ერთმანეთთან სამ კონად არიან შეზრდილი. ბუტკო სამბუდიანია, ზედა ნასკვით და სამი გადახრილი სვეტით, ყვავილედი – ფარისებრი საგველა.
ნაყოფი სამბუდიანი მრავალთესლიანი კოლოფია, რომელიც სამი საგდულით იღება. თესლი ძალიან პატარაა, მოგრძო, რუხი ფერის. ყვავილობს ივნისიდან – აგვისტომდე.„როგორც ფქვილის გარეშე არ შეიძლება პურის გამოცხობა, ასევე კრაზანას გარეშე არ შეიძლება მრავალი ავადმყოფობის მკურნალობა“ – ამბობდნენ ძველად მკურნალები.კრაზანას ფშავში ჩაის ყვავილს ეძახიან, ხევსურეთში – უჟმურის ბალახს, იმერეთში –კერჟანას, თავცეცხლას, გურიაში – ცოცხობეს, მესხეთში, ჯავახეთში – ნეგოს…კრაზანა იზრდება ტყის პირებში, მშრალ მდელოებში, ველობებში, ბუჩქნარს შორის და მთის მშრალ კალთებზე, გვხვდება როგორც სარეველა გზის პირებსა და მინდვრის ნაპირებში. იგი იშვიათად ქმნის ხშირ ბარდებს.
